მოძებნა

Friday, January 25, 2013

სვია ლუდში



სვია (humulus lupulus) ხვიარა მცენარეა, რომელიც იმავე ბოტანიკურ ოჯახს მიეკუთვნება, რომელშიც შედის კანაფი და ჭინჭარი.


მიუხედავად იმისა, რომ მის გირჩის მსგავს ყვავილედებს შეიძლება დამამშვიდებელი ზემოქმედება ჰქონდეს და ხშირად გამოიყენება სვიის ბალიშებში, სვია მნიშვნელოვანია ლუდის ხარშვისთვის მასში შემავალი ძირითადი ზეთების გამო, რომლებიც ქმნიან ლუდში შემავალ 250-დან 300-მდე ბუნებრივ ქიმიურ შენაერთს.

სვიის ასზე მეტი სახეობა არსებობს და მრავალფეროვნების და გავრცელების არეალის მიხედვით მათ შეუძლიათ შემოგვთავაზონ ყვავილოვანი, მცენარეული, ლიმონმჟავის, ფიჭვისმაგვარი, პიტნის, ბალახის და პიკანტური არომატების მრავალფეროვნება.

ადამიანებს ხშირად უკვირთ, როდესაც იგებენ, რომ სვიის სახეობრივი და რეგიონული მახასიათებლები ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ყურძნისა.

სვია ლუდსახარშების მიერ თითქმის ყოველთვის გამოიყენება როგორც დანამატი, ისე, როგორც შეფმზარეულები იყენებენ მწვანილს და სანელებლებს კერძის არომატის ჰარმონიზაციის ან აქცენტირებისთვის.

მომწარო გემოს გამო სვია ასევე იძლევა მადის აღმძვრელ და ალაოს ბუნებრივი სიტკბოს შემასუსტებელ და დამაბალანსებელ სიმშრალეს.


უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად სვია ლუდის ხარშვის პროცესში გამოყენებული იყოს სრულიად სხვა მიზნით. ფისის და ძირითადი ზეთების გარდა, რომლებიც განაპირობებენ გამორჩეულ არომატს, გემოს და სიმწარეს, სვიის გირჩები ასევე შეიცავენ ანტიბაქტერიულ ტანინებს, რომლებიც ხელს უწყობენ ლუდის დაწმენდას და შენახვას.

საუკუნეებით ადრე, სანამ ლუდსახარშებს ლუდის გაციების და პასტერიზაციის ტექნოლოგია ექნებოდათ, აღმოჩენილ იქნა, რომ სვიის ყვავილს იშვიათი უნარი აქვს, დაიცვას ლუდი დაძველებისგან. ამგვარად, თავიდან სვიას ლუდის ხარშვის პროცესში იყენებდნენ როგორც ბუნებრივ ანტიბაქტერიულ კონსერვანტს, რომელიც ლუდს გაფუჭებისგან იცავდა.


წვიმის და ზუსტი დღეღამური ტემპერატურული ცვლილებების საჭიროების გამო, სვია საკმაოდ ვიწრო ზოლში ხარობს, ორივე ნახევარსფეროს 35-ე და 55-ე პარალელებს შორის. ეკვატორის ჩრდილოეთით ეს ზოლი მოიცავს აშშ-ს, ჩინეთის, ინგლისის, ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის და ჩეხეთის რესპუბლიკის ნაწილს, ხოლო ეკვატორს ქვემოთ სადაც უმეტესი ფართობი ოკეანეს უკავია, ნაკლები კი ხმელეთს, სვია კომერციულად მხოლოდ სამხრეთ აფრიკის, ავსტრალიის და ახალი ზელანდიის მცირე ტერიტორიაზე იზრდება.

წყარო: http://natakhtari.ge

ლუდის შემადგენლობა და თვისებები


ნამდვილი ლუდისათვის აუცილებელია 9 კომპონენტის არსებობა. როგორიცაა წყალი, მუხუდო და სხვადასხვა სუნელი. წყალი ლუდში დაახლოების 90%-ია, ამიტომ მას ლუდის შემადგენლობაში წამყვანი ადგილი უკავია. ხშირად მუხუდოს სხვადასხვა თავთავიანი კულტურით ცვლიან. ასეთ სახეცვლილ ლუდს მიეკუთვნება ცნობილი გერმანული ლუდები: ვაისბერი, ვაიზენბერი. ლუდის ხარისხს, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, გაფილტვრის ტექნოლოგიები განსაზღვრავს. მის შემადგენობაში, რიგ ქვეყნებში სხვადასხვა კომპონენტებს უმატებენ. მაგ: კარტოფილის ფქვილს ან შაქარს.მაგრამ ყველაფერი ეს ლუდის ხარისხს არ აფუჭებს,უბრალოდ გემოს უცვლის.

კარგ ლუდს ქაფი 3წთ-ზე ადრე არ უნდა უქრებოდეს, იგი უნდა იყოს თეთრი, მკვრივი და შედგებოდეს პატარა ბუშტულებისაგან.

ნაბახუსევზე ლუდი იმ შემთხვევაში შველის, თუ მას გაზგამოცვლილს მივერთმევთ.



ლუდი - სასარგებლო თუ საზიანო?


ლუდი დაბალტინუსიანი, მატონიზირებული გამაგრილებელი სასმელია.იგი ადამიანში მადას აღვიძებს და საკვების მონელების პროცესს უწყობს ხელს.წყაროებიდან ცნობილია,რომ ცხელი ლუდი კბილის ტკივილს აყუჩებს,ამასთანავე ყელის ტკივილსაც კურნავს.ლუდს აგრეთვე ქოლერის წინააღმდეგ სამკურნალოდ იყენებენ.



დღეს ხშირად დავობენ ლუდის მარგებლობისა და სარგებლობის შესახებ. ერთნი ამტკიცებენ, რომ ლუდი თირკმლებში დაგროვილ ქვებს შლის,ამაღლებს იმუნიტეტს. თვლიან, რომ ლუდი ადამიანს ასუქებს, აქვეითებს მამაკაცურ პოტენციებს და კიბოს განვითარებას უწყობს ხელს. იმპოტენციის შესახებ ასეთი დასკვნები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ექსპერტებმა დაადგინეს, რომ გერმანელებს და ჩეხებს,რომლებიც ყველაზე მეტად სვამენ ლუდს 7-9-ჯერ მეტად აღენიშნებათ იმპოტენციის ნიშნები, ვიდრე სხვა ქვაყნებში მცხოვრებ მამაკაცებს. ამ ბრალდების დამამტკიცბელი საბუთები არ არსებობს. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ლუდი არც წონის მომატებას იწვევს, რადგან თუ კალორიების მიხედვით ვიმსჯელებთ, იგი არ აღემატება ხილის წვენის ან გაზირებული შაქრანი წყლის კალორიულობას. აქ, რასაკვირველია უნდა გამოვრიცხოტ შავი ლუდი,რომელიც კალორიებით მდიდარია.აქვე დასძენენ,რომ ორგანიზმი 1 ჭიქა კოკა-კოლას უფრო მძიმედ გადაამუშავებს,ვიდრე 3ლ ლუდს.


წყარო : http://ka.wikipedia.org/wiki/ვიკიპედია:ნატახტარი/საკონკურსო/20110319061831/

ათი ყველაზე გაყიდვადი ლუდი მსოფლიოში

თანამედროვე მსოფლიოში ლუდი ყველაზე პოპულარული ალკოჰოლური სასმელია. შესაბამისად ლუდის წარმოებაც ძალზედ მომგებიანია. აი, მწარმოებელთაგან კი ბაზრის უდიდესი წილი კომპანია Anheuser-Busch InBev-ს ეკუთვნის, რომელიც თავის მხრივ, თავად Coca Cola-ზე მდიდარი კომპანიაა. დღევანდელ ჩვენს სიაში წამოდგენილთა უმეტესობაც სწორედ ამ მეგა კომპანიას ეკუთვნის. Millward Brown-ის კვლევითი კოპანია ყოველწლიურად ადგენს საუკეთესო ლუდების რეიტინგს. საქართველოში ყველას ჩვენ-ჩვენი ფავორიტი სასმელი გვაქვს, მოდი, ვნახოთ, რომელ ლუდს ანიჭებს უპირატესობას მსოფლიო. 10 ყველაზე პოპულარული ლუდი მსოფლიოში

#10 Beck’s

ბრენდის ღირებულება: $1.554 მილიარდი

ბრენდზე ღირებულების მატება: ↓20%

აღწერა: Beck’s Brewery ყველაზე წარმატებული გერმანული ლუდი გახლავთ. მისი წარმოება ჯერ კიდევ 1873 წელს დაიწყო, როდესაც ჰაინრიხ ბექმა, ლუდერ რუთენბერგმა და თომას მეიმ კომპანია Kaiserbrauerei Beck & May o.H.G.-ს ჩაუყარეს საფუძველი. 2002 წლამდე Beck’s-ს ბექების საგვარეულო აკონტროლებდა. 2002 წელს კი ბექებმა თავიანთი ძირძველი ლუდსახარში Interbrew-ს მიჰყიდეს 1.8 მილიარდად.

2004 წელს ბელგიური Interbrew-სა და ბრაზილიური AmBev-ის გაერთიანებამ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ლუდსახარში კომპანია შექმნა – Anheuser-Busch InBev, რომელიც ამჟამად ორასამდე ბრენდს ფლობს და მათგან თოთხმეტს მილიარდ დოლარზე მეტი წლიური შემოსავალი აქვს.

#9 Miller Lite

ბრენდის ღირებულება: $2.313 მილიარდი, – 9%

ბრენდის ღირებულების მატება: ↓9%

აღწერა: მსუბუქი ლუდი თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე დიდი პოპულარულობით სარგებლობს. ამის ყველაზე ნათელი მაგალითებია Miller Lite და Bud Light, რომლებიც ნაკლებ ალკოჰოლთან ერთად, ნაკლებ კალორიებსაც შეიცავენ. 2011 წელს ამერიკული კომპანია Miller Lite-ის საბაზრო წილი %7.2-მდე დაეცა. თუმცა, ამან კომპანიას 2012 წლისთვის უფრო აგრესიული მარკეტინგის წარმოებისკენ უბიძგა, რის შედეგსაც წლის ბოლოს ვნახავთ.



#8 Brahma

ბრენდის ღირებულება: $2.359 მილიარდი + %18

ბრენდის ღირებულების მატება: ↑18%

აღწერა: Brahma ნომერ პირველი ლუდია მის სამშობლოში – ბრაზილიაში. Beck’s-ის მსგავსად იგიც Anheuser-Busch InBev-ს ეკუთვნის. Brahma ცნობილია თავისი ინოვაციური რეკლამირებით, რამაც მას სხვა ბევრ ჯილდოსთან ერთად, კანის ფესტივალის პრიზიც მოუტანა.







#7 Guinness

ბრენდის ღირებულება: $4.044 მილიარდი

ბრენდის ღირებულების მატება: ↑17%

აღწერა: Guinness ნამდვილი ირლანდიური ლუდი და ჩემი ფავორიტიც გახლავთ. იგი 1759 წლიდან იწარმოება. ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით საშუალოდ 850 მილიონი ლიტრი Guinness იყიდება. ეს შავი ფერის, ორნახადი ლუდი მართლაც შეუდარებელ გემოს ტოვებს პირში.





#6 Stella Artois

ბრენდის ღირებულება: $4.529 მილიარდი

ბრენდის ღირებულების მატება: ↔

აღწერა: Stella Artois ბელგიური ლუდია და 1926 წლიდან იწარმოება. ჩვენი სიის უმეტესობა მონაწილეების მსგავსად, Stella Artois-იც Anheuser-Busch InBev-ს ეკუთვნის. ბრენდის უცვლელი ღირებულება ცოტათი მოულოდნელობა გახლდათ, რადგან 2012 წლის პირველ კვარტალში Stella-ს გაყიდვები 22.5 პროცენტით გაიზარდა.




#5 Skol

ბრენდის ღირებულება: $4.698 მილიარდი

ბრენდის ღირებულების მატება: ↑3%

აღწერა: ბრაზილიის ეკონომიკის მატებასთან ერთად, Skol-ის შემოსავლებიც იზრდება. მიუხედავად სამშობლოში Brahma-სთან პოზიციების დათმობისა, იგი Anheuser-Busch InBev-ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ლუდად რჩება.


#4 Corona

ბრენდის ღირებულება: $5.114 მილიარდი

ბრენდის ღირებულების მატება: ↓6%

აღწერა: Corona ყველაზე პოპულარული მექსიკური ლუდია. იგი განსაკუთრებით ქალებს შორის არის პოპულარული. დიდ ქვეყნებში კორონა მწვანე ლიმონთან ერთად იყიდება, რომელიც დამატებით სასიამოვნო არომატს აძლევს სასმელს. კორონას სარეკლამო კამპანიები პლიაჟის თემაზე კი განსაკუთრებით სასიამოვნო საყურებელია.



#3 Heineken

ბრენდის ღირებულება: $6.058 მილიარდი

ბრენდის ღირებულების მატება: ↓8%

აღწერა: აი, საქართველოში კი დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, სიის დანარჩენ მონაწილეებთან შედარებით, Heineken-ი ყველაზე პოპულარულია. ეს ბრენდი ყველაზე ხშირად ასოცირებულია უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებასა და ჰაინეკენის რაგბის თასთან. ყველაზე ძლიერ ჰოლანდიურ კომპანიას ამჟამად სხვა მონაწილეთაგან განსხვავებით, ყველაზე მეტი მოწონება აქვს Facebook-ზე


#2 Budweiser

ბრენდის ღირებულება: $7.514 მილიარდი, +15%

ბრენდის ღირებულების მატება: ↑15%

აღწერა: Budweiser-ი 1876 წელს წარუდგინეს საზოგადოებას და მას შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ ლუდად რჩება. იგი 2001 წლამდე ყველაზე მეტად გაყიდვადი ლუდი იყო, თუმცა ამის შემდეგ Bud Light-მა გადაასწრო. Budweiser-ი მნიშვნელოვან თანხებს ხარჯავს ამერიკული ფეხბურთის გათამაშებაში (Super Bowl), ასევე აქვს საკუთარი რეალითი შოუ. იგი ასევე Anheuser-Busch InBev-ის საკუთრებაა.


#1 Bud light

ბრენდის ღირებულება: $8.368 მილიარდი

ბრენდის რირებულების მატება: ↑17%

აღწერა: Bud Light ბევრად აღემატება სხვა ლუდის ბრენდებს ამერიკის ბაზარზე. ამერიკის ბაზარი კი ყველაზე დიდია მსოფლიოში, გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკელებს ძალზედ უყვართ ლუდი. მიუხედავად იმისა, რომ ლუდსახარშს ყველაზე ერთგული მომხმარებელი ჰყავს, იგი მაინც განაგრძობს ინოვაციებს. ასე მაგალითად, Bud Light Lime და Bud Light Platinum-ის საწარმოო ხაზები. ამასთან, გაგიკვირდებათ და Bud Light-იც Anheuser-Busch InBev-ს ეკუთვნის.

წყარო : http://www.geobazari.com/2012/05/30/10-most-popular-beers/

ქართული ლუდის ისტორია


ქართული ლუდის ისტორია

რა ისტორიული წანამძღვრები ჰქონდა საქართველოში ლუდის გამოყენებას? როგორია მისი გენეზისი, წარმოშობის გზები, რა წვლილი აქვთ ქართველებს ამ უაღრესად მნიშვნელოვანი სამეურნეო კულტურის განვითარებაში?

ლუდის წარმოების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ხორბლეულის კულტურა, მასთან დაკავშირებული სამიწათმოქმედო იარაღების განვითარებულობა და კულტურულ-გენეტიკური კავშირები იმ ცენტრებთან, სადაც ლუდის წარმოებას დაედო სათავე.

ბერძნებს ადრიდანვე შეუმჩნევიათ ქართველთა მიდრეკილება მიწათმოქმედებისადმი. კოლხეთში მოსულმა არგონავტებმა აიეტის სასახლეში იხილეს ღვინის შადრევნები და მაგარი ფოლადისაგან გამოჭედილი გუთანი, რომლის სრულყოფილებამ მათი განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია. ალბათ, მხოლოდ ეს არ იყო იმის მიზეზი, რომ მათ შემდგომში ქართველებს "გეორგიან" შეარქვეს, რაც მიწისმოქმედს ნიშნავს.

მსოფლიოში ცნობილი 17 სახეობის ხორბლიდან 12 საქართველოში ითესებოდა, ადგილობრივი წარმოშობისაა მახა და ზანდური-გარდამავალი ჯიშები ველურიდან კულტურული ხორბლის ჩამოყალიბების გზაზე. ესაა მოვლენა უნიკუმი, სელექციის უტყუარი ფაქტი, სადაც საინტერესოდ იკვეთება მრავალდარგოვანი სამეურნეო ცხოვრების გრძელი გზა.

საქართველოს არქეოლოგიურ მასალებში დადასტურებულია პურეული კულტურის ნაშთები, რომლებიც VII-VI ათასწლეულით თარიღდებიან. მიწათმოქმედების აღმოცენება-განვითარების შვიდი დიდი კერიდან მეცნიერები უძველეს ცენტრად მიიჩნევენ წინა აზიას საქართველოს ჩათვლით. საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებზე: ამირანისა და არუხლოს გორებზე, ურბნისში და შულავერში ენეოლითური ხანის ნასახლარებში აღმოჩნდა ალიზის სამეურნეო ნაგებობანი, ხორბლეულის შესანახი ორმოებით და მიწის დასამუშავებელი იარაღებით, რაც იმის მაუწყებელია, რომ აქ მცხოვრებნი უძველესი ქართველური მოდგმის ტომები დაახლოებით ცხრაათასი წლის წინ იცნობდნენ ხორბლის კულტურას და მისი მოყვანა-შენახვის ხერხებს. პურეული კულტურის ამაზე უფრო ხნიერი სამურნეო ცენტრი მსოფლიო მეცნიერებამ არ იცის.

ეს ყველაფერი იმის მაუწყებელია, რომ პურეული კულტურის მფლობელი ხალხი, სხვებთან შედარებით, უფრო ახლოს დგას ლუდის წარმოების პრეისტორიასთან.
საქართველოში ლუდის, როგორც კულტურის შემოსვლა ძველი მსოფლიოს ქვეყნებიდან მოხდა, აღმოსავლური ლუდის უძველესობა დღეს უკვე უეჭველია, ხოლო ამ ხალხებთან ქართველთა წინაპარი ტომების კულტურულ-სამეურნეო კავშირები არქეოლოგიური, ისტორიული, ეპიგრაფიკული და ეთნოგრაფიული მასალებით გამორკვეული და დადასტურებულია.
რატომ შემოინახა საქართველოს მთამ ლუდის მოხმარების ჩვევა ბოლომდე, ეს გასაგები მიზეზითაა ასახსნელი: საქართველოში, როგორც ღვინის კლასიკურ ქვეყანაში, უმთავრესი ყურადღება გადატანილი იყო ბარის მევენახეობა-მეღვინეობაზე. ეთნოგრაფიულ მეცნიერებაში დამკვიდრებული შეხედულებით ბარი და მთა გაყოფილია ვაზის გავრცელების არეალითაც. იქ სადაც ვაზი ხარობს ის ტერიტორია ბარადაა მიჩნეული, ხოლო სადაც არ ხარობს, მთად. ამიტომ, ლუდის წარმოებამ თავიდანვე ფეხი მოიკიდა მთაში და აქ დასახლებული ხალხის ყოფაში ლუდმა უპირველესი ადგილი დაიჭირა.

ფრაგმენტები ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევიდან "ქართული ლუდი"
ავტორი : პროფესორი ელდარ ნადირაძე
საქართველოს ეროვნული მუზეუმის
ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე,
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

წყარო: http://www.kazbegi.com/index.php?sec_id=47&lang_id=GEO