მოძებნა

თბილისური ლუდის ფესტივალი

ნატახტარის რიგით მესამე თბილისური ლუდის ფესტივალი

ორი დღის განმავლობაში, უქმეებზე 21-22 ივლისს, ლუდის მოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ ლუდსახარში “ნატახტარის” ოთხი ბრენდის ლუდი დაეგემოვნებინათ, კარგი მუსიკა მოესმინათ და სახალისო დღესასწაულში მიეღოთ მონაწილეობა. “თბილისის ლუდის ფესტივალზე” უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, მათ შორის იყვნენ, როგორც ადგილობრივი ლუდის მოყვარულები, ასევე უცხოელი სტუმრები. ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მსგავსად, ლუდის ფესტივალის მოწყობა საქართველოში უკვე ტრადიციად იქცა. მეტიც, შეიძლება თამამად ითქვას, რომ წლევანდელი ღონისძიება ყველაზე ხალხმრავალი და გრანდიოზული იყო მთელს სამხრეთ კავკასიაში.


“თბილისის ლუდის ფესტივალი” საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრებმა საზეიმოდ გახსნეს. ჯერ ლამაზმანების, ფესტივალის მომსახურე გოგონების კორიდორის გაიარეს და ხის უროს დარტყმით ლუდის კასრი გახსნეს, საიდანაც სტუმრებმა პირველი ლუდი დააგემოვნეს. აღსანიშნავია, რომ თბილისის ლუდის ფესტივალზე დასწრება ყველა მსურველს უფასოდ შეეძლო. წლევანდელ ფესტივალზე, მისი წინამორბედების მსგავსად უხვად იყო ლუდიც, გართობაც, საინტერესო და სახალისო ღონისძიებიც. ვარდების რევოლუციის მოედანზე დამონტაჟებულ სპეციალურ სცენაზე, ცოცხალი შესრულებით, ცნობილი ქართული ჯგუფები და მომღერლები ასრულებდნენ პოპულარულ კომპოზიციებს. “მგზავრები”, “ბანდეროლი”, კორკოტა, Loudspeaker, დავით ილურიძის ბენდი, “ზარები”, “ნალი” და “ზურგი” – ფესტივალზე მოსულ სტუმრებს სწორედ ამ შემსრულებლების მოსმენა შეეძლოთ. ფესტივალის პირველი დღე “მგზავრებმა” დახურეს, ლუდის ფესტივალის მეორე დღე კი სალომე კორკოტაშვილმა დაასრულა.



“თბილისის ლუდის ფესტივალის” ერთ-ერთი ღირშესანიშნაობა 30 მეტრიანი ბარი იყო, სადაც ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ ცივი ლუდი დაეგემოვნებინათ. ლუდის ფესტივალზე მისულ სტუმრებს საინტერესო და სახასიათო აქსესუარების შეძენა შეეძლოთ. პატარებისთვის ფესტივალზე “ნატახტარის” ლიმონათის კუთხე მოეწყო, სადაც მიმების თეატრი და ჯამბაზები ბავშვების გუნება-განწყობილებაზე ზრუნავდნენ.

აღსანიშნავია, რომ “თბილისის ლუდის ფესტივალს” საერთო ჯამში 100-მდე პროფესიონალი მომსახურე პერსონალი ემსახურებოდა. კათხა ლუდის შეძენა სტუმრებს მხოლოდ ერთ ლარად შეეძლოთ.


ნინო სურმავა, ლუდსახარში “ნატახტარის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი: “სწორედ მაშინ, როცა თბილისში ლუდის ფესტივალი იმართებოდა, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყანაში 33 ლუდის ფესტივალი მიმდიანრეობდა. ერთი კვირის წინ კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 40-მდე ასეთი ფესტივალი გაიმართა. ამით იმის თქმა მინდა, რომ მსოფლიოში არსებობს ე.წ. ლუდის კალენდარი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტთა შორის და ხშირად თავის მოგზაურობას სხვადასხვა ქვეყანაში სწორედ ამ ფესტივალს ამთხვევენ. სამი წლის წინ, როცა პირველად დავიწყეთ ლუდის ფესტივალის ჩატარება, ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ დროთა განმავლობაში მსოფლიოს ლუდის ფესტივალების კალენდარში “თბილისის ლუდის ფესტივალიც” მოხვდეს.

გვახარებს ის, რომ სტუმრების რიცხვი ფესტივალზე წლიდან-წლამდე იზრდება და მათ შორის უცხოელი სტუმრებიც არიან. ვიმედოვნებთ, რომ ფესტივალის მიმართ ტურისტების ინტერესი გაიზრდება.

წლევანდელ ფესტივალზე ძალიან ბევრი საინტერესო და გამორჩეული ღონისძიება შევთავაზეთ სტუმრებს. მათ შორის იყო, 30 მეტრიანი ბარი, სადაც ლუდის მოყვარულებს საგანგებო სამოსში გამოწყობილი უამრავი ლამაზი გოგონა ემსახურებოდათ და ამიტომ ლუდის დასალევად სტუმრებს ხალხმრავალ რიგში ჩადგომა არ უხდებოდათ. რაც ძალიან მოეწონათ სტუმრებს ცივი და უქაფო ლუდი იყო. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა თბილისის მერიას მხარდაჭერისთვის.”



სანდრო კაკულია, თბილისის ლუდის ფესტივალის ორგანიზატორი: “ყოველ წელს ვცდილობთ, რომ “თბილისის ლუდის ფესტივალი” უფრო მეტად იყოს დატვირთული საკონცერტო პროგრამებით. წლევანდელ ფესტივალზე დაახლოებით ათამდე გამომსვლელი გვყავდა და სცენიდან ფაქტობრივად უწყვეტ რეჟიმში ისმოდა მუსიკა. სტუმრებს სასიამოვნო და საზეიმო განწყობას უქმნიდნენ არა მხოლო მუსიკოსები, არამედ მსახიობები და ანიმატორები. ისევე, როგორც გასული ორი ფესტივალის ფარგლებში, ახლაც გვქონდა მოწყობილი საბავშვო კუთხე, სადაც პატარებს შეეძლოთ დაეგემოვნებინათ “ნატახტარის” შუშხუნა ლიმონათი და სხვადასხვა სახალისო თამაშებში მიეღოთ მონაწილეობა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რითაც წლევანდელი ლუდის ფესტივალი იყო გამორჩეული 10 კაცზე გათვლილი მაგიდები იყო, სადაც სრულიად უცხო ადამიანებს, შეეძლოთ ერთად მოელხინათ კათხა ლუდზე. ეს არის გამოცდილება, რომელიც დასავლურ ლუდის ფესტივალებს აქვთ და გვინდა დავამკვიდროთ საქართველოშიც. ლუდის ფესტივალი სახალხო ზეიმია, სადაც შეიძლება სრულიად უცხო ადამიანი გაიცნო და მასთან ერთად გაატარო ლუდის საღამო. ეს არის ლუდის სმის კულტურა არა თრობისთვის, არამედ გართობისთვის და სიამოვნებისთვის. წელს შარშანდელთან შედარებით ორჯერ მეტი ლუდი დაილია რადგან სტუმრების რაოდენობაც გაორმაგებული იყო.

გაიმართა შეჯიბრი ლუდის სმაში და ჭამაში, ბლოგერების შეჯიბრი ჩექმის ფორმის ჭიქებიდან და შეჯიბრი ლუდის სმაში. ამ კონკურსებში გამარჯვებულებს ლუდის სიმბოლიკის სუვენირები გადაეცათ.

გვიხარია რომ თბილისის ლუდის ფესტივალმა უკვე მოიპოვა სახელი ამიერკავკასიაში და ჩვენთან გამოცდილების მისაღებადაც ჩამოდიან მეზობელი ქვეყნებიდან. მაგალითად ამ ლუდის ფესტივალს ესწრებოდა ერევნის ლუდის ფესტივალის ორგანიზატორი, რათა ჩვენი გამოცდილება გაეზიარებინა.”


გიორგი ლაბაძე, თბილისის ლუდის ფესტივალის სტუმარი: “ძალიან მიყვარს ლუდი და რა თქმა უნდა ყოველთვის ვესწრები ამ ფესტივალს თბილისში. “ნატახტარის” ბრენდის თითქმის ყველა ლუდი მომწონს, გასანკუთრებით კი “მთიელი”, ამიტომ არ გავუშვი შანსი ხელიდან და მეგობრებთან ერთად მოვედი ამ ფესტივალზე. მომწონს ისიც, რომ ყოველ წელს ფესტივალი შინაარსობრივად სულ უფრო საინტერესო და სანახაობის თვალსაზრისი დატვირთულია. დასანანია, რომ ასეთი კარგი დღესასწაული თბილისში მხოლოდ ორი დღე გაგრძელდა და არა მთელი კვირა.”

ანა ნატროშვილი, თბილისის ლუდის ფესტივალის სტუმარი: “ლუდის ფესტივალზე შარშანაც ვიყავი, მაგრამ წლევანდელი გაცილებით უკეთესია. ეტყობა, ორგანიზატორებმა ძალიან მოინდომეს და გამოუვიდათ კიდეც. მსგავს ფესტივალზე ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ და სიმართლე გითხრათ, ასე იაფად ლუდი არსად მიყიდია. როგორც ჩანს, ორგანიზატორებმა საზოგადოების ინტერესები გაითვალისწინეს."

წყარო : http://natakhtari.wordpress.com/2012/08/02/თბილისის-ლუდის-ფესტივალ/

No comments:

Post a Comment